ვერის ბაღში ჭადრაკის საერთაშორისო დღე აღინიშნა
20.07.2018
20 ივლისს, ვერის ბაღში ჭადრაკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. 94 წლის წინ, 1924 წლის 20 ივლისს ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია - FIDE დაარსდა. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ და 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა საზეიმო ღონისძიება გამართეს.
იხილეთ ფოტოგალერეა
საზეიმო ცერემონიაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა, ლეგენდარულმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა და სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ.
ღონისძიების ფარგლებში ერთდროული თამაშის სეანსი ჩატარდა, მოეწყო ქართული ჭადრაკის დიდების ამსახველი ფოტოგამოფენა, ჭადრაკის თემატიკაზე ჩატარებული ვიქტორინის გამარჯვებულებმა კი ოლიმპიადის სიმბოლიკით დამშვენებული პრიზები მიიღეს.
დღესვე, 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის სპონსორი გახდა ჩაი „გურიელი“. თანამშრომლობის მემორანდუმი ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ და კომპანია „გეოპლანტის“ დირექტომა მიხეილ ჭკუასელმა ვერის ბაღში გამართული ღონისძიების მიმდინარეობისას გააფორმეს.
მსოფლიო 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადას 23 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით ბათუმი უმასპინძლებს. სპეციალურად ოლიმპიადისთვის საქართველოს 189 ქვეყნის 4 ათასამდე სტუმარი ეწვევა.