სპორტის უნივერსიტეტში პირველ კურსდამთავრებულთა საზეიმო ცერემონია გაიმართა
13.07.2018
13 ივლისს, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო-სასწავლო უნივერსიტეტში, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა პირველი გამოშვების საზეიმო ცერემონია გაიმართა.
უნივერსიტეტის აღდგენის და სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ, პირველ კურსდამთავრებულებს - მწვრთნელთა ფაკულტეტისა და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტებს დიპლომები და სიგელები გადაეცათ.
იხილეთ ფოტოგალერეა
სტუდენტებს სწავლის დასრულება მიულოცეს და შემდგომ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს უნივერსიტეტის რექტორმა გურამ ძაგანიამ, სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა.
საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი პირველი სპორტული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელსაც ქართული სპორტის აღორძინებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის.
სპორტის უნივერსიტეტი 2007 წელს დაიხურა, 6 წლის შემდეგ, 2013 წელს საქართველოს მთავრობამ უნივერსიტეტის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო, 2014 წელს კი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და პარლამენტის შესაბამისი დარგობრივი კომიტეტის თაოსნობითა და ძალისხმევით უნივერსიტეტმა ფუნქციონირება განაახლა.
სტუდენტების პირველი ნაკადი უნივერსიტეტმა 2014 წელს მიიღო. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს უნივერსიტეტის დაარსებიდან 80 წლის იუბილე აღინიშნება.