საქართველოს ნაკრებმა თურქეთი 15:10 დაამარცხა და მე-13 ადგილისთვის ითამაშებს
22.07.2018
ბარსელონაში გრძელდება წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე ჩატარებული მძიმე მატჩების შემდეგ ევროპირველობაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა და მე-13 ადგილისთვის მატჩში ითამაშებს. რევაზ ჩომახიძის გუნდმა თურქეთს 15:10 აჯობა. ჩვენს გუნდში საუკეთესო იყო ცენტრი ანდრია ბითაძე, რომელმაც მეტოქეს 4 ბურთი გაუტანა. 3-3 გოლი მიითვალეს მიხეილ ბაღათურიამ და მარკო ელაჩამ, 2-2 გოლია რევაზ იმნაიშვილისა და დამირ ცრეპულიას ანგარიშზე. ერთი გოლი კაპიტანმა ზურაბ რურუამ გაიტანა.
იხილეთ ფოტოგალერეა
მე-13 ადგილისთვის მიმდინარე პლეი ოფის მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მალტა და სლოვაკეთი. მატჩი სლოვაკეთის გამარჯვებით 11:6 დასრულდა. ამრიგად, საქართველო სლოვაკეთს დაუპირისპირდება და თუ ჩვენი გუნდი ამ შეხვედრაში გამარჯვებას მოიპოვებს, მაშინ შეძლებს წინა ევროპის ჩემპიონატებზე ნაჩვენები შედეგების გაუმჯობესებას. შეგახსენებთ, რომ 2014 წელს საქართველო მოგების გარეშე დარჩა, 2016 წელს 16 გუნდში მე-14 იყო, ახლა კი მე-13 ადგილის დაკავების კარგი შანსი აქვს.
უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ნაკრები თურქეთის ნაკრებს ცოტა ხნის წინ, თბილისის მერიის თასზეც დაუპირისპირდა და დამაჯერებლად 19:5 მოუგო. მერიის თასზე ასევე ითამაშა ჩვენმა მომავალმა მეტოქემ, სლოვაკეთის ნაკრებმა და მას ჩვენმა გუნდმა მინიმალური ანგარიშით 8:7 აჯობა.
საქართველოსა და სლოვაკეთს ნაკრებების დაპირისპირება 24 ივლისს თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხი გადასცემს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
ნიკოლოზ შუბლაძე (მეკარე); ირაკლი რაზმაძე (მეკარე); ბექა ქავთარაძე; დამირ ცრეპულია; რევაზ იმნაიშვილი; ანდრო ბითაძე; მარკო ელაჩა; ხვიჩა ჯახაია; მიხეილ ბაღათურია; ზურაბ რურუა (კაპიტანი); კონსტანტინე გეგელაშვილი; გიორგი მაგრაქველიძე; გიორგი მესხი.
მთავარი მწვრთნელი: რევაზ ჩომახიძე
მწვრთნელი: გელა ტუკვაძე
მწვრთნელი: თამაზ კუტივაძე
ექიმი: გურამ ადამია
ფიზიოთერაპევტი: გიორგი კუჭაძე