საქართველოს ნაკრები გერმანიასთან 9:10 დამარცხდა
18.07.2018
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ბარსელონაში, “ბერნატ პიკორნელის“ სახელობის საცურაო კომპლექსზე მიმდინარე ევროპის 33-ე ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩში გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდა და დაძაბულ ორთაბრძოლაში 9:10 (3:1; 2:3; 2:3; 2:3) დამარცხდა.
იხილეთ ფოტოგალერეა
ჩვენი ნაკრები დიდი ხანი ემზადებოდა ამ შეხვედრისთის. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის კენჭისყრის შემდეგ ცხადი იყო, რომ საქართველოს ნაკრებს წინა ორ ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგის გაუმჯობესება მხოლოდ გერმანიასთან გამარჯვების შემთხვევაში შეეძლო, რადგან ტიტულოვანი და გამოცდილი უნგრეთისა და იტალიის ნაკრებების დამარცხება, ამ ეტაპზე, ძალიან რთულია. შეხვედრა ქართველმა წყალბურთელებმა დამაჯერებლად დაიწყეს და პირველი ტაიმი 3:1 მოიგეს. ჩვენი გუნდი მთელი შეხვედრის განმავლობაში წინ იყო, მეტოქემ დაწინაურება და მატჩში გარდატეხის შეტანა ბოლო, მეოთხე ტაიმში მოახერხა და საბოლოოდ მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა.
ამრიგად, ჩვენი გუნდი შეძლებს ბრძოლა გააგრძელოს მე-13-მე-16 ადგილების დასაკავებლად და შეეცდება წინა ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგი გააუმჯობესოს - ბელგრადში ჩვენი გუნდი მე-14 ადგილზე გავიდა, ბარსელონაში საუკეთესო შედეგი მე-13 ადგილი იქნება - გერმანიასთან მარცხმა, საქართველოს ნაკრებს უკეთესი ადგილის დაკავების შანსი დააკარგვინა.
უნდა აღინიშნოს, რომ გერმანიის ნაკრები დიდი ტრადიციების გუნდია, შორეულ 1928 წელს გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, 2-ჯერ ვერცხლის და ერთხელ ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა. ევროპის ჩემპიონატებზე - 2 ოქრო, 4 ვერცხლი და 3 ბრინჯაო მოიპოვა, მსოფლიო პირველობაზე კი ერთხელ გავიდა მესამე ადგილზე.
შეგახსენებთ, რომ რევაზ ჩომახიძის გუნდმა პირველი მატჩი უნგრეთის უძლიერეს ნაკრებთან, რომელიც 9-გზის ოლიმპიური ჩემპიონია - 5:12 დათმო. საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს, 20 ივლისს იტალიის ნაკრებთან გამართავს. შეხვედრა 17:30 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხი გადასცემს.
14-28 ივლისი. ბარსელონა. წყალბურთის ევროპის ჩემპიონატი
A ჯგუფი. უნგრეთი, იტალია, გერმანია, საქართველო
B ჯგუფი: მონტენეგრო, მალტა, საფრანგეთი, ესპანეთი
C ჯგუფი: ხორვატია, თურქეთი, ჰოლანდია, საბერძნეთი
D ჯგუფი: რუსეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი
საქართველოს ნაკრების მატჩები ჯგუფურ ეტაპზე
16 ივლისი
საქართველო - უნგრეთი 17:30 საათი (საზოგადოებრივი მაუწყებელი)
18 ივლისი
გერმანია - საქართველო 14:30 საათი
20 ივლისი
საქართველო - იტალია 17:30 საათი (საზოგადოებრივი მაუწყებელი)
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
ნიკოლოზ შუბლაძე (მეკარე); ირაკლი რაზმაძე (მეკარე); ბექა ქავთარაძე; დამირ ცრეპულია; რევაზ იმნაიშვილი; ანდრო ბითაძე; მარკო ელაჩა; ხვიჩა ჯახაია; მიხეილ ბაღათურია; ზურაბ რურუა (კაპიტანი); კონსტანტინე გეგელაშვილი; გიორგი მაგრაქველიძე; გიორგი მესხი;
მთავარი მწვრთნელი: რევაზ ჩომახიძე
მწვრთნელი: გელა ტუკვაძე
მწვრთნელი: თამაზ კუტივაძე
ექიმი: გურამ ადამია
ფიზიოთერაპევტი: გიორგი კუჭაძე