სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს ლეილა აბაშიძის გარდაცვალების გამო
10.04.2018
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს ქართველი მსახიობისა და სახალხო არტისტის ლეილა აბაშიძის გარდაცვალების გამო.
ლეილა აბაშიძე 1929 წლის, 1 აგვისტოს, თბილისში დაიბადა. იგი პირველად ეკრანზე 1941 წელს გამოჩნდა ფილმში „ქაჯანა“, სადაც კატოს როლი შეასრულა.
იმ დროს მომავალი კინოვარსკვლავი მხოლოდ რვა წლის იყო. პირველ როლს მალე მეორე და მესამეც მოჰყვა („ოქროს ბილიკი“, 1945 წ. და „აკაკის აკვანი“, 1947 წ.).
განსაკუთრებული აღიარება მსახიობს მოუტანა ფილმებმა: „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“, „ჭრიჭინა“, „აბეზარა“, „მაია წყნეთელი“, „შეხვედრა მთაში“.
მსახიობს მიღებული ჰქონდა არაერთი პრიზი. გახლდათ საქართველოს დამსახურებული არტისტი (1958), საქართველოს სახალხო არტისტი (1965) და სხვა.
სამინისტრო თანაუგრძნობს მსახიობის ოჯახსა და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს.
პანაშვიდი გაიმართება 10, 11 აპრილს, 17:00 საათიდან (მის. ფალიაშვილის 33 ა, მე-2 სადარბაზო, მე-3 სართული);
სამოქალაქო პანაშვიდი - 12 აპრილს, 12:00 საათიდან ქაშუეთის ეკლესიაში.
გასვენება - 12 აპრილს, 14:00 საათზე ქაშუეთის ეკლესიიდან.