„ქართული მოდერნიზმი - მსოფლიო კულტურის ნაწილი“
29.02.2016
29 თებერვალს, კულტურის სამინისტროში გაიმართა პუბლიკაციის „ქართული მოდერნიზმი - მსოფლიო კულტურის ნაწილი“ პრეზენტაცია. ღონისძიებას კულტურის პოპულარიზაციისა და რეგიონული პროექტების დეპარტამენტის დირექტორი ანა რიაბოშენკო და წიგნის ავტორები თეონა ჯაფარიძე და ვატო წერეთელი გაუძღვნენ.
პროექტი „ქართული მოდერნიზმი - მსოფლიო კულტურის ნაწილი“ თანამედროვე ხელოვნების ცენტრ - თბილისის კვლევითი დეპარტამენტის მიერ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით მომზადდა. პროექტის შედეგად შეიქმნა პუბლიკაცია ხელოვნების ისტორიაში ერთ-ერთი საინტერესო ეპოქის - მოდერნიზმის შესახებ.
გამოცემაზე მუშაობა იმ ავტორთა შერჩევით დაიწყო, რომლებიც წლების მანძილზე ხელოვნების ისტორიის სფეროში მუშაობდნენ - კონკრეტულად კი იკვლევდნენ მოდერნიზმის პერიოდს. ორენოვანი გამოცემა აერთიანებს სხვადასხვა ავტორის 15-მდე თემას და, საერთო ჯამში, გაჯერებულია ერთი კონკრეტული ეპოქის (მოდერნიზმის) ახლებურად დანახვის მცდელობითა და ექსპერიმენტებით.
პროექტზე მუშაობის პროცესში დაიწერა ანოტაციები, ითარგმნა და მოძიებული იქნა ფოტო-დოკუმენტაცია, მოხდა ავტორთა ნაშრომების რედაქტირება. ქართველი
ხელოვნებათმცოდნეების ნაშრომებთან ერთად გამოცემაში შესულია ცნობილი
შვეიცარიელი არტ-კრიტიკოსის და კურატორი ბიჩე კურიგერი (Bice Curiger) ნაშრომის „უმანკოების გამოცდილება და სიმღერები”- თარგმანი, რომელიც ფიროსმანის ფენომენის ახლებურ ხედვას წარმოადგენს.
იხილეთ ფოტოგალერეა