„ევროპის მემკვიდრეობის დღეები“ საქართველოში
25.09.2017
30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კოორდინირებით საქართველოში ევროპის მემკვიდრეობის დღეები აღინიშნება.
ევროპის მემკვიდრეობის დღეების 2017 წლის თემაა ,,მემკვიდრეობა და ბუნება: შესაძლებლობათა ლანდშაფტი“. საქართველოს მასშტაბით, ადგილობრივი თვითმმართველობების, სამინისტროს სისტემაში შემავალი მუზეუმების, არასამთავრობო ორგნიზაციების ჩართულობით სემინარები, გამოფენები, შემეცნებითი ტურები და სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი.
ევროპის მემკვიდრეობის დღეების წლევანდელ თემასთან კავშირში, ასევე, იგეგმება სსიპ საქართველოს კულტურული მემკვდირეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება. ინიციატივა „ევროპის მემკვიდრეობის დღეები” ჯერ კიდევ 1985 წლიდან მომდინარეობს, ხოლო 1999 წლიდან წარმოადგენს ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივ პროგრამას, რომელშიც მონაწილებას იღებს ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერი 50 ქვეყანა.
ევროპის მემკვიდრეობის დღეები უმეტესად ყოველი წლის შემოდგომაზე, ერთ-ერთ შაბათ-კვირას იმართება და წარმოადგენს ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომელიც გამოფენების, კონფერენციების, საჯარო ლექციების, და სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისათვის დაგეგმილი საგანმანათლებლო პროგრამებისა და აქტივობების მეშვეობით მიმართულია ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერი ქვეყნების კულტურული მემკვიდრეობის, როგორც საერთო ევროპული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისაკენ.
ყოველწლიურად, პროგრამის ფარგლებში ორგანიზებული ღონისძიებები სპეციფიკური თემის ირგვლივ აღინიშნება. თემები ძირითად ფოკუსირებულია მემკვიდრეობის სხვადასხვა ტიპის, კულტურული მემკვიდრეობისა და სხვადასხვა დარგების ურთიერთკავშირის, ისტორიის სხვადასხვა პერიოდისა და საზოგადოების მემკვიდრეობისადმი დამოკიდებულების საკითხებზე.
საქართველოში 2017 წლის ევროპის მემკვიდრეობის დღეების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ პროგრამა:
პროგრამა GEO
პროგრამა ENG