„ცოცხალი წიგნები“ მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე
20.01.2016
„ცოცხალი წიგნები“ მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე - ქართული მწერლობა ნიღბის, გრიმის და დეკორაციის გარეშე. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო,
პროექტით „ცოცხალი წიგნები“, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრთან თანამშრომლობას იწყებს.
ერთობლივ პროექტთან დაკავშირებით,
20 იანვარს, კულტურის სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე და კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი ეკა მაზმიშვილი უძღვებოდნენ. ღონისძიებას პროექტის „ცოცხალი წიგნები’’ მონაწილე მწერლები დაესწრნენ.
იხილეთ
ფოტოგალერეა
პროექტი 1 თებერვალს ლია ლიქოკელის პოეზიის საღამოთი გაიხსნება. მთელი წლის განმავლობაში, ყოველ მესამე ორშაბათს, 20 :00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრის სარდაფის სცენა „ცოცხალი წიგნების“ მონაწილე მწერლებს დაეთმობა, რომლებიც მკითხველებს საკუთარ შემოქმედებას მონო-სპექტაკლის სახით გააცნობენ. ბილეთის ფასი 7 ლარი იქნება და მისი შეძენა მსურველებს მარჯანიშვილის თეატრის სალაროში შეეძლებათ. ქართველი მწერლების მონო-სპექტაკლებზე დასწრება სტუდენტებისთვის თავისუფალია.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უპრეცედენტოდ მასშტაბური ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტი „ცოცხალი წიგნები“ 2015 წლის 14 იანვარს, „დედაენის დღეს’’ დაიწყო. პროექტი, რომელშიც 75 მწერალია ჩართული, 4 ეტაპად განხორციელდა და გულისხმობდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებში სტუმრობას, მკითხველთან შეხვედრას, პოეზიის საღამოების გამართვას და დისკუსიებს ადგილობრივ მოსახლეობასთან მათთვის საინტერესო თემებზე. პროექტმა დროთა განმავლობაში უფრო მასშტაბური სახე მიიღო. ამჟამად, „ცოცხალი წიგნები“ შეხვედრებს მართავს სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და სამხედრო ნაწილებში. მარჯანიშვილის თეატრთან თანამშრომლობის დაწყების შემდეგ, მკითხველი მწერლის შემოქმედებას ახალი ფორმით, მონო - სპექტაკლის სახით გაეცნობა. პროექტის „ცოცხალი წიგნები“ მსვლელობისას, მწერლები აწარმოებენ დღიურებს და ჩანაწერებს, რომლის მიხედვითაც, პროექტის დასრულების შემდეგ, წიგნი „მწერლის დღიურები“ გამოიცემა. პროექტის ავტორია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე, პროექტის კურატორი - მარიამ წიკლაური.
2015 წელს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ლიტერატურული პროექტი „ცოცხალი წიგნები“ საზოგოდოებრივი მაუწყებლის ჯილდოს „წლის საუკეთესო მოვლენა ლიტერატურის დარგში“ მფლობელი გახდა.