„მრავალფეროვანი საქართველო“ - ვიზიტი ნინოწმინდაში
11.10.2015
11 ოქტომბერს, ნინოწმინდის კინოთეატრში, პროექტის „მრავალფეროვანი საქართველოს“ ფარგლებში, ქართველი მწერლები - ანა კორძაია-სამადაშვილი, ზურაბ ქარუმიძე და პაატა შამუგია ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდნენ და საკუთარი ნაწარმოებები გააცნეს. შეხვედრის დროს, საუბარი შეეხო ლიტერატურული პროცესების განვითარების მნიშვნელობასა და ეთნოპოლიტიკური კონფლიქტების მოგვარების თვალსაზრისით, კულტურული დიალოგის გაღრმავების დადებით გავლენას; ინტერაქციის რეჟიმში მწერლებმა ადგილობრივ მკითხველთან დიალოგი გამართეს;
პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით და გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ორგანიზებით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია რამდენიმე კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობა:
- ლიტერატურული საღამო სოფელ დიცში (27 ოქტომბერი);
- თბილისში - ფოლკლორის ფესტივალი „ერთი ცის ქვეშ“, სადაც, კულტურათშორისი დიალოგის გასაღრმავებლად, ეთნიკური უმცირესობების ფოლკლორული ანსამბლებისა და სახელოვნებო სკოლების მოსწავლეები მუსიკალურ-ფოლკლორულ ტრადიციებსა და რეგიონებში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების კულტურულ მემკვიდრეობას წარმოაჩენენ;
- ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ (სამცხე ჯავახეთი და ქვემო ქართლი) რეგიონებში, ასევე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დიცში ნაჩვენები იქნება ლევან თუთბერიძის ფილმი „მოირა“. ფილმზე მუშაობა 2015 წელს დასრულდა და მისი მსოფლიო პრემიერა A კლასის საერთაშორისო კინოფესტივალებზეა დაგეგმილი;
- ქართული ენის, ისტორიისა და კულტურის სწავლების ხელშესაწყობად, პროექტი ასევე ითვალისწინებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით შექმნილი, ორენოვანი კომპიუტერული შემეცნებით-გასართობი პროგრამის პრეზენტაციას. ქართულ-სომხურენოვანი და ქართულ-აზერბაიჯანულენოვანი მეგა თამაშები, სახელწოდებით ,,ერთიანი საქართველო“, ეროვნულ უმცირესობათა კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი. თამაშები ქართული ანბანის, მუსიკის, მხატვრობის, ლიტერატურის, გეოგრაფიის შესახებ ვრცელ ინფორმაციას მოიცავს და ახალგაზრდებს ქართული ისტორიისა და კულტურის შესწავლაში, საერთო ცნობიერების ჩამოყალიბებასა და ინფორმირებულობის ამაღლებაში დაეხმარება.