მე-20 საუკუნის არქიტექტურული ღირებულების მქონე ნაგებობის რეაბილიტაცია
02.12.2015
2 დეკემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ იალბუზის 18 ნომერში მდებარე, კომპანია „Confidence Group”-ის მფლობელობაში მყოფი მე-20 საუკუნის შენობა დაათვალიერეს.
იხილეთ
ფოტოგალერეა
აღნიშნული ნაგებობის ავტორი ცნობილი არქიტექტორი ალექსანდრე შიმკევიჩია. კომპანია „Socar”-ისა და „Confidence Group”-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ნაგებობას არქტიტექტურული ღირებულება აქვს, რის გამოც მფლობელმა კომპანიამ შენობის პირვანდელი სახის აღდგენა გადაწყვიტა.
პირველ ეტაპზე ხორციელდება ნაგებობის სატრანსპორტო მაგისტრალის დონეზე აწევა. ტექნიკური თვალსაზრისით, ისტორიული შენობის აწევის პროექტი უნიკალური და ერთადერთია მთელ ამიერკავკასიაში; 3,4 მეტრის სიმაღლეზე საცხოვრებელი ნაგებობის აწევა აქამდე არ განხორციელებულა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში უკვე მიმდინარეობს იალბუზის 18 ნომერში მდებარე მე-20 საუკუნის ნაგებობისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების პროცედურები.