თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი - პრესკონფერენცია
26.11.2015
26 ნოემბერს, სასტუმრო „Rooms Hotel Tbilisi”-ში თბილისის რიგით მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალის პრესკონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, კინოფესტივალის გენერალური დირექტორი გაგა ჩხეიძე, ფესტივალის დირექტორი ნინო ანჯაფარიძე, ეროვნული კინოცენტრის დირექტორის მოადგილე მაია ჭილაშვილი და კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი რიჩარდ პენია გაუძღვნენ.
იხილეთ
ფოტოგალერეა
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, თბილისის რიგით მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალი 30 ნოემბერს, კინოთეატრ ამირანში, ლევან თუთბერიძის ფილმის „მოირა“ პრემიერით გაიხსნება.
ფესტივალი წელს ქალთა უფლებებისა და გენდერული დემოკრატიის განვითარებას ეძღვნება.
ქალთახედვა/”Women Eyes“ - სექციის ფარგლებში მოეწყობა ქალი რეჟისორების მიერ გადაღებული სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ჩვენება. მათი ნამუშევრები ფესტივალის სხვა სექციების ფოკუსშიც იქნება. წლევანდელი ფესტივალის რჩეული ფერი იასამნისფერია, რაც ქალთა მიმართ ძალადობის საერთაშორისო კამპანიის სიმბოლოა. კინოჩვენებების გარდა, ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა დისკუსიები ქალთა უფლებების, გენდერული ძალადობისა და ქალის, როგორც საზოგადოებრივად აქტიური ფიგურის საკითხის გარშემო. ლექცია-დისკუსიებს ადგილობრივი და სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან მოწვეული მომხსენებლები გამართავენ.
თბილისის კინოფესტივალის მნიშვნელოვანი ნაწილია
საერთაშორისო კონკურსი, რომელშიც ევროპელი კინორეჟისორების 9 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი მონაწილეობს. ტრადიციულად, საუკეთესო ფილმი ოქროს, ხოლო საუკეთესო რეჟისურა ვერცხლის პრომეთეთი დაჯილდოვდება. საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულებს ჟიური გამოავლენს, რომლის თავმჯდომარეც ბრიტანელი რეჟისორი მარტა ფაენსია.
წელს მესამედ გაიმართება
ეროვნული კონკურსი, რომელიც ქართული პანორამის ფარგლებში ტარდება. წინა წლებისგან განსხვავებით, ეროვნულ კონკურსში სრულმეტრაჟიანი მხატვრული, მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმები მიიღებენ მონაწილეობს. შესაბამისად, გამარჯვებულები 3 ნომინაციაში გამოვლინდებიან. ეროვნული კონკურსის ჟიურის წევრები არიან: კინომცოდნე და კრიტიკოსი ულრიხ გრეგორი, კინომცოდნე ერიკა გრეგორი და კინოკრიტიკოსი ხოსეინ ეიდიზადე.
თბილისის მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალი დიტო ცინცაძის ფილმით „ბედნიერების ღმერთი“ დაიხურება.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერია და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი. ფესტივალის გენერალური სპონსორია აჭარანეტი.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს:
www.tbilisifilmfestival.ge
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის
პროგრამა