Eng ქარ
  • სიახლე
  • განცხადებები
  • ჩვენ შესახებ
    • სტრუქტურა
    • სამინისტროს დებულება
    • პრიორიტეტები
    • ვაკანსიები
    • სამართლებრივი აქტები
    • ინსტიტუციები (სსიპ)
    • ფოტოგალერეა
  • საჯარო ინფორმაცია
  • ბმულები
  • კონტაქტი
  • წლიური ანგარიში

მხარდაჭერილი პროექტები

მუსიკალური ხელოვნების მიმართულებით მხარდაჭერილი პროექტები

პიანისტთა თბილისის მეექვსე საერთაშორისო კონკურსი

ჩატარდება 2017 წლის 1-11 ოქტომბერს. 2016 წელს დაგეგმილია კონკურსის მოსამზადებელი სამუშაოების ხელშეწყობა. კონკურსი ტრადიციულია, დაფუძნდა 1997 წელს, ტარდება ოთხ წელიწადში ერთხელ. პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსის ორგანიზატორია საქართველოს მუსიკალური კონკურსების საერთაშორისო ფონდი. როგორც წესი, კონკურსის ჟიურისა და საპატიო სტუმართა შორის არიან საქვეყნოდ აღიარებული მუსიკოსები, ცნობილი იმპრესარიოები, საერთაშორისო ფესტივალებისა და საკონცერტო დარბაზების მენეჯერები, ჟურნალისტები, კრიტიკოსები. მონაწილეები მრავალი ქვეყნის ახალგაზრდა მუსიკოსები არიან.
პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსი 2002 წელს გახდა ჟენევის მსოფლიო საერთაშორისო მუსიკალური კონკურსების ფედერაციის წევრი, რაც კონკურსის მაღალ საორგანიზაციო და შემოქმედებით დონეზე მეტყველებს.


ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის მომზადების ხელშეწყობა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 2003 წლიდან (დაარსებიდან) ყოველწლიურად აფინანსებს კონკურსს, როგორც ტრადიციულ ღონისძიებას. კონკურსი ტარდება ორ წელიწადში ერთხელ, ორ ეტაპად - პირველი წელი აუცილებელი მოსამზადებელი სამუშაოები (მზადდება წინასაკონკურსო ბუკლეტები, პლაკატები, მედლები, პრიზები), მეორე წელი - თვით კონკურსი. მომავალი, რიგით მეშვიდე კონკურსი ჩატარდება 2017 წლის მაისში.


საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების ეროვნული კონკურსის ხელშეწყობა

დაფუძნდა 2015 წელს (ორგანიზატორი ა(ა)იპ საქართველოს საგუნდო საზოგადოება). საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების ეროვნული კონკურსი წელს ჩატარდა სამ კატეგორიად: აკადემიური საგუნდო სიმღერა, ქართული ხალხური სიმღერა და ქართული გალობა. 
კონკურსი ხელს უწყობს აკადემიური საგუნდო სიმღერის პოპულარიზაციას და ეროვნული საგუნდო ტრადიციების დაცვას.


კლასიკური გიტარაზე შემსრულებელთა კონკურსის ხელშეწყობა

კონკურსი 2013 წლიდან ყოველწლიურად ტარდება. კონკურსის მიზანია კლასიკურ გიტარის პოპულარიზაცია, ასევე კლასიკური მუსიკით ახალგაზრდების დაინტერესება და ქართველ კომპოზიტორთა სტიმულირება ახალი ნაწარმოებების შესაქმნელად.
8-10 ნოემბრის პერიოდში, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში ჩატარდება რიგით მეოთხე კონკურსი. მასში მონაწილეობას მიიღებენ თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ახალგაზრდა შემსრულებლები, რომელთა შორის საუკეთესოს გადაეცემა ფულადი ჯილდო და სიგელი.


საქართველოს რეგიონებსა და უცხოეთში  მუსიკალური კოლექტივების საგასტროლო კონცერტების ხელშეწყობა 

- თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის გასტროლები (6 კონცერტი) აპრილსა და მაისში დასავლეთ საქართველოს რეგიონებში - სენაკი, ზუგდიდი, ურეკი, ლანჩხუთი, ქუთაისი, სამტრედია.

- ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის გასტროლები 9 – 15 მაისს ფოთში, ზუგდიდში, ქუთაისსა და თელავში.

- ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის „რუსთავი“ გასტროლები 10-13 ივნისს  ლანჩხუთში, ოზურგეთსა და ბათუმში.

- საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის „ერისიონი“ განახლებული შოუ პროგრამა. 8 აპრილი - ქუთაისი, 19 აგვისტო - ფოთი, 20-21 აგვისტო - ბათუმი.

- ხელი შეეწყო პარიზში საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ანსამბლის „სულიკო“ მონაწილეობას.


ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი

ფესტივალის ორგანიზატორია ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი. ჩატარდება 2016 წლის 12-25 მაისს. პროექტის ფარგლებში, ქართველ მსმენელს მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკოსებისა და ქართველი შემსრულებლების ერთობლივი კონცერტების მოსმენის საშუალება მიეცემა.


მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში

მსოფლიოში აღიარებული ქართველი პიანისტის - ელისო ვირსალაძის მიერ ქალაქ თელავში დაარსებული მუსიკალური ფესტივალი 30 წელზე მეტს ითვლის. ცნობილი მუსიკოსების გვერდით, ფესტივალში მონაწილეობენ ახალგაზრდა მუსიკოს- შემსრულებლებიც, რომელთათვის უდიდესი პროფესიული იმპულსის მიმცემია გამოჩენილ მუსიკოსებთან შემოქმედებითი ურთიერთობა.
ფესტივალი ჩატარდება 2016 წლის 9 -16 ოქტომბრს. დაგეგმილია 7 კონცერტი და 12 მასტერკლასი. ტრადიციულად, კონცერტები ჟანრობრივად მრავალფეროვანი იქნება, ხოლო მასტერკლასებს ჩაატარებენ ევროპის უმაღლესი მუსიკალური სასწავლებლების (მათ შორის, ქართველი) პედაგოგები. მასტერკლასებში მონაწილეობას მიიღებენ   საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მუსიკალური სკოლების მოსწავლეები, სტუდენტები.


საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“

ფესტივალი უკვე 18 წელია, ტრადიციულად, დეკემბრის მეორე ნახევარში ტარდება. 2016 წელს მისი ჩატარება იგეგმება 14-დან 30 დეკემბრის ჩათვლით, კონსერვატორიის დიდ და მცირე დარბაზებში.
წლევანდელი, მე-19 ფესტივალი აერთიანებს ჟანრობრივად განსხვავებულ რვა (საფორტეპიანო, კამერული, ფოლკლორული, საორგანო, საორკესტრო, ვოკალური, ჯაზური მუსიკის) კონცერტს. ფესტივალის კონცერტებში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი მუსიკოს-შემსრულებლები.


ბაროკოს ეპოქის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ხელშეწყობა

ფესტივალი 2015 წელს თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის მიერ დაფუძნდა. წელს ფესტივალი 10 ნოემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ მუსიკოს-შემსრულებლები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან - ინგლისი, საფრანგეთი, ავსტრია შვეიცარია, იტალია, ჰოლანდია, გერმანია.


ქართულ-შვეიცარული საერთაშორისო ფესტივალის „CLOSE ENCOUNTERS - ახალი სივრცე კულტურული დიალოგისთვის“ ხელშეწყობა

ფესტივალი, რომელიც წელს მეხუთედ ჩატარდა, წარმოადგენს თანამედროვე და კლასიკური მუსიკის კონცერტების სერიას. კონცერტები ჩატარდა თბილისსა და ციურიხში.


კონკურსი „წლის საუკეთესო საკომპოზიტორო ნაწარმოები“

კონკურსი 2010 წლიდან ყოველწლიურად ტარდება. ჟიური ავლენს წლის მანძილზე შექმნილ და წარმატებით შესრულებულ მუსიკალურ ნაწარმოებს, რომელიც შემდეგ ჯილდოვდება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პრემიით „წლის საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოები“.


კონკურსი „წლის საუკეთესო სამუსიკისმცოდნეო ნაშრომი“

კონკურსი ტარდება 2010 წლიდან. ჟიურის მუშაობაში მონაწილეობენ ცნობილი ქართველი მუსიკოსები - კომპოზიტორები, მუსიკისმცოდნეები, შემსრულებლები. ჟიური ავლენს წლის მანძილზე შექმნილ და გამოქვეყნებულ საუკეთესო სამუსიკათმცოდნეო ნაშრომს, რომელიც შემდეგ ჯილდოვდება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პრემიით „წლის საუკეთესო სამუსიკისმცოდნეო ნაშრომი“.


ჟურნალი "მუსიკა"

ჟურნალი „მუსიკა“ 2010 წლიდან კვარტალში ერთხელ გამოიცემა. ჟურნალი აშუქებს მუსიკალურ ხელოვნებაში არსებულ პროცესებს.


ვლადიმერ დონაძის მონოგრაფიის „Захарии Палиашвили“ ქართული თარგმანის გამოცემა

იბეჭდება და წლის ბოლოს გამოვა გამოჩენილი ქართველი მუსიკისმცოდნის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატის ვლადიმერ დონაძის მონოგრაფიის „Захарии Палиашвили“ ქართული თარგმანი (მთარგმნელი გულბათ ტორაძე).,ეს ნაშრომი სამართლიანად ითვლება დიდი ქართველი კომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილისადმი მიძღვნილ კლასიკურ ნაშრომად, რომელშიც ამავე დროს, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქართული მუსიკის პრობლემატიკას.
ნაშრომი ორჯერ გამოიცა რუსულ ენაზე მოსკოვში, 1958 და 1971 წლებში. სამწუხაროდ, დღემდე არ გვაქვს წიგნის ქართული თარგმანი, რაც ენის უცოდინრობის გამო პრობლემას უქმნის სტუდენტებს და აგრეთვე მუსიკით დაინტერესებულ ახალგაზრდობას.


ტრადიციული მრავალხმიანობის მერვე საერთაშორისო სიმპოზიუმის ხელშეწყობა

სიმპოზიუმი ტარდება 2002 წლიდან, ორ წელიწადში ერთხელ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის ბაზაზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანადგომით.
თბილისის სიმპოზიუმები კარგა ხანია იქცა საერთაშორისო მასშტაბის წარმომადგენლობით ტრიბუნად. სიმპოზიუმში მონაწილეობენ ეთნომუსიკოლოგები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.


ოპერის „აბესალომ და ეთერი“ კლავირის გამოცემის ხელშეწყობა

ხელი შეეწყობა ზაქარია ფალიაშვილის ოპერის „აბესალომ და ეთერის“ კლავირის გამოცემას. კლავირი მზად იქნება 2016 წლის ბოლოსთვის. შესავალი, ასევე ლიბრეტო ითარგმნება ინგლისურ და გერმანულ ენებზე, რაც ხელს შეუწყობს ოპერის პოპულარიზაციას უცხოეთში.


ოპერის „აბესალომ და ეთერი“ პარტიტურის ელექტრონული ვერსიის შექმნის ხელშეწყობა

ხელი შეეწყობა ზაქარია ფალიაშვილის ოპერის „აბესალომ და ეთერის“ პარტიტურის ელექტრონული ვერსიის შექმნას.


კომპოზიტორ იოსებ კეჭაყმაძის შემოქმედებითი მემკვიდრეობის ელექტრონული ვერსიის მეორე ნაწილის შექმნა

შეიქმნება კომპოზიტორ იოსებ კეჭაყმაძის შემოქმედებითი მემკვიდრეობის ელექტრონული ვერსიის მეორე ნაწილი. (პირველი ნაწილი სამინისტროს ინიციატივით 2013 წელს შეიქმნა).


სულხან ცინცაძის სახელობის სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტის საიუბილეო საღამო

ხელი შეეწყო სულხან ცინცაძის სახელობის სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტის 50 წლის მოღვაწეობისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს გამართვას. კონცერტში მონაწილეობდნენ: სახელწიფო სიმებიანი კვარტეტი, ლიზა ბათიაშვილი და ფრანსუა ლელუ.


თამარ გვერდწითელის საქველმოქმედო კონცერტის ხელშეწყობა

კონცერტი 16 მაისს, თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართება. კონცერტის მიზანია, საპატრიარქოს სოციალური სამსახურის მიერ მარტოხელა დედებისათვის გადაცემული ორი შენობა-ნაგებობის აღჭურვა. საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხები მომხმარდება მათთვის პროფესიული განვითარების ცენტრის შექმნას. აღნიშნული ცენტრის ბენეფიციარები იქნებიან ასევე ის ახალგაზრდები, რომლებიც 18 წლამდე სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ იმყოფებოდნენ.


ფოტოალბომის „როკვით განფენილი ქართული გენია“ გამოცემის ხელშეწყობა

ხელი შეეწყობა ფოტოალბომის „როკვით განფენილი ქართული გენია“ გამოცემას. ფოტოალბომი ეძღვნება ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასის დაარსების 70 წლისთავს. ფოტოალბომში ლეგენდარული ანსამბლის ფოტომატიანესთან ერთად, წარმოდგენილი იქნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილ ადამიანთა გამონათქვამები, ქართველ კლასიკოს და თანამედროვე პოეტთა ლექსები ქართულ ხალხურ ცეკვასა და საქვეყნოდ აღიარებულ ანსამბლზე. პრეზენტაცია ქორეოგრაფიის დღეს, 10 ივნისს გაიმართება.


კონცერტი „საჩუქარი ქართველ მსმენელს“

კონცერტი „საჩუქარი ქართველ მსმენელს“ 2016 წლის 22 თებერვალს ჩატარდა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში და მიეძღვნა გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის საიუბილეო თარიღს - დაბადებიდან 80 წლისთავს.
კონცერტზე შედგა კომპოზიტორის სამი თხზულების პრემიერა. მონაწილეობდნენ მსოფლიოში აღიარებული მევიოლინე გიდონ კრემერი, გიედრა დირვანაუსკაიტე, გიორგი ცაგარელი, გორის ბავშვთა გუნდი. ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს დირიჟორობდა ნიკოლოზ რაჭველი.


"ქართული კამერული მუსიკის პანორამა" კონცერტების ციკლი

"ქართული კამერული მუსიკის პანორამა" კონცერტების ციკლის ორგანიზატორია "მუსიკოსთა და მუსიკის მოყვარულთა კავშირი "კამერატა". პროექტი ემსახურება თანამედროვე ქართული საკომპოზიტორო შემოქმედების პოპულარიზაციას.


ქორეოგრაფიული წარმოდგენა "შექსპირი სიყვარულზე“

პრემიერა შედგა შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში 2016 წლის 20 აპრილს. მიეძღვნა დიდი ინგლისელი დრამატურგისა და პოეტის უილიამ შექსპირის გარდაცვალებიდან 400 წლისთავს.დამდმელი ქორეოგრაფი მარიამ ალექსიძე.


ალექსანდრე მიშუტინის მასტერკლასის ხელშეწყობა

ოქტომბერ-ნოემბერში, ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო საბალეტო სასწავლებელში ჩატარდა იაპონიაში მოღვაწე რუსი ქორეოგრაფის, ალექსანდრე მიშუტინის მასტერკლასები, რომელმაც გამოსაშვები საღამოსთვის მოამზადა სპექტაკლი „არლეკინის მილიონები“. გამოსაშვები საღამო გაიმართება 12-13 მაისს.

facebooktwitteryoutube
 

MSY-Banner.png
შემოქმედებითი საქართველო
123.png
   

Events Calendar

Previous monthიანვარი 2021Next month
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567
© ყველა უფლება დაცულია

 

ცხელი ხაზი: 1406
mc@culture.gov.ge