მხარდაჭერილი პროექტები
ფოლკლორის მიმართულებით მხარდაჭერილი პროექტები
"ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი (2015-2016 წლები)"
ფესტივალი მოიცავს ტრადიციული ხელოვნების შემდეგ დარგებს: ხალხური სიმღერა, ტრადიციული საეკლესიო გალობა, ტრადიციული ინსტრუმენტული შემსრულებლობა, ქორეოგრაფია, ზეპირსიტყვიერი ფოლკლორი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.
ფესტივალი შედგება რეგიონული (2015 წელი) და დასკვნითი (2016 წელი) ტურებისაგან.
ფესტივალის გამარჯვებულებს გამოავლენს საგანგებო კომისია (კომისია დაკომპლექტდება დარგების მიხედვით სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით). ნომინაციები განაწილდება დარგების მიხედვით (თემატურ-ჟანრობრივი დაყოფით). ასევე, თითოეულ დარგში, კუთხეების მიხედვით, დაწესდება ყველასათვის აღიარებული, თვალსაჩინო და დამსახურებული ადამიანის სახელობისპრემიები. ფესტივალის ყველა გამარჯვებულს, ფულად პრემიებთან და სახელობით პრიზებთან ერთად გადაეცემათ დიპლომები.
"ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი" (2016)
ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი, პროექტის "Check in Georgia" ფარგლებში, ოზურგეთსა და შეკვეთილში 1, 2 და 3 სექტემბერს გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, იტალიიის, შვეიცარიის, საფრანგეთისა და თურქეთის ანსამბლები. სამდღიან ფესტივალს 3 სექტემბერს გალა კონცერტი დახურავს, რომელიც შეკვეთილში, ახლადგახსნილ საკონცერტო დარბაზში "Black Sea Arena" გაიმართება. "Black Sea Arena" ფესტივალის ოფიციალური მხარდამჭერია.
ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი წელს პირველად ტარდება. მასში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის ფოლკლორული კოლექტივები და ქართველ მაყურებელს ქვეყნის ხალხურ შემოქმედებას გააცნობენ.
ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ადაადგლობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართება.
"ქართული საგალობლების სანოტო ხელნაწერთა მონაცემთა ბაზა და აღწერილობა (2016)"
აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს ქართული საგალობლების ხელნაწერთა გაციფრებას, საგალობლების ხელნაწერთა ერთიანი სამეცნიერო აღწერილობისა და საძიებო სისტემის შექმნას, აგრეთვე მის განთავსებას საგანგებოდ შექმნილვებ-გვერზე. პროექტის დასრულების შემდეგ გაციფრებული მასალა ხელმისაწვდომი გახდება მკვლევართათვის და მუსიკოს-შემსრულებელთა ფართო წრეებისათვის, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. საბოლო ომიზანი კი ქართული მრავალხმიანობის აღდგენის ხელშეწყობა, მისი გავრცელება და ქართული კულტურის პოპულარიზაციაა.
პროექტი "ქართული საგალობლების სანოტო ხელნაწერთა მონაცემთა ბაზა და აღწერილობა (IIეტაპი)" განხორციელდება საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვისა და ფონდის "ქართული გალობა" ფინანსური მხარდაჭერით.
სალოტბარო სკოლების პედაგოგთა გადამზადება (2016)
2016 წლის 9-13 მაისს ჩატარდა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლობების სალოტბარო სკოლების თანამშრომელთა (რეგენტები, ლოტბარები) გადამზადება/კვალიფიკაციის ამაღლების კურსი "მსოფლიო მუსიკა, როგორც ეფექტური საგანმანათლებლო საშუალება". საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საკონფერენციო დარბაზში ჩატარებული ხუთდღიანი კურსების სწავლება, თეორიული მასალის გაცნობასთან ერთად, განხორციელდა პრაქტიკული მეცადინეობების ფორმატით; მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულები სხვადასხვა აქტივობებში, როგორიცაა ცეკვა, სიმღერა, მუსიკის მოსმენა და განხილვა, დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაკვრა.
კურსის მთავარი მიზანი იყო, მსმენელებისთვის მიგვეწოდებინა მთავარი მესიჯი - რომ მუსიკალური სამყარო არ არის მხოლოდ გამოხატვისა და ემოციის საშუალება, არამედ იგი სწავლების პროცესის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რაც დამსწრე საზოგადოებამდე, მაღალი დონის პრეზენტაციის სახითა და ინფორმაციის გადაცემის ეფექტური კომუნიკაციის ხერხებით მოახდინა მოწვეულმა სპეციალისტმა პოლო ვალეხმომ. 1959 წელს დაბადებული ესპანელი ეთნომუსიკოლოგი პოლო ვალეხო არის მუსიკალური მეცნიერებების დოქტორი, პედაგოგი და კომპოზიტორი, შემოქმედებითი და სამეცნიერო მრჩეველი მიუნხენისა და კარლ ორფის ფონდში (გერმანია), ასევე კანადის, მონრეალის უნივერსიტეტის თანამშრომელი, საერთაშორისო დონის მეცნიერი პედაგოგიკის ექსპერიმენტული მუსიკოლოგიის სფეროში. აქვს დიდი გამოცდილება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანის მუსიკის თეორიული და პრაქტიკული სწავლების, ტრეინინგებისა და მასტერკლასების ჩატარების.
ხუთი დღის მანძილზე გადამზადების კურსებს ყოველდღიურად ესწრებოდა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლობების სალოტბარო სკოლების 55 პედაგოგი და სხვადასხვა სასწავლებლებიდან და თბილისური ანსამბლებიდან 40-მდე მსურველი (მომღერალი, ლოტბარი, ეთნომუსიკოლოგი).
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტის - "სვანური ზარის" ინვენტარიზაციის პროცესის განხორციელება ზემო სვანეთის სოფლებში
2015 წლის 13 სექტემბრიდან 22 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის თანამშრომლები და მოწვეული სპეციალისტები იმყოფებოდნენ ზემო სვანეთში არამატერიალური კულტურული მემკვიდრების ელემენტის - სვანური ზარის, როგორც სამგლოვიარო წეს-ჩვეულების ნიმუშის იდენტიფიცირება-აღიცხვისათვის საჭირო სამუშაოების განსახორციელებლად.
პროექტის მიზანი იყო ზემო სვანეთში არამატერიალური კულტურული მემკვიდრების ელემენტის - "სვანური ზარის, როგორც სამგლოვიარო წეს-ჩვეულების ნიმუშის ინვენტარიზაცია; 2015 წლის ბოლომდე ადგილობრივ და 2016 წლისთვის საერთაშორისო დონეზე (UNESCO მოთხოვნებიდან გამომდინარე) წარსადგენად საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და დოკუმენტური ფილმის გადაღება.
ინვენტარიზაციის პროცესში განხორციელდა დღეს, ყოფაში არსებული ელემენტის, ირგვლივ ეცერის, ლატალის, ლენჯერისა და მესტიის თემში მასალის შეკრება-მოძიება-ფიქსაცია და შემდომი სისტემატიზაცია. მოხდა ზარის მთქმელების ანუ ელემენტის ცოცხალი მატარებლების იდენტიფიკაცია-აღრიცხვა (37 მოზარე), ჩაიწერა მათი აუდიო და ვიდეო მიმართვები ელემენტის მნიშვნელობის, მის წინაშე მდგარი საფრთხეებისა და სამომავლოდ, პრევენციული ზომების მიღების შესახებ. აღნიშნული მიმართვები თანდართული იქნება გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციაში წარსადგენ საჭირო დოკუმენტაციას. ლენჯერის თემში განხორციელდა დოკუმენტური ფიმისათვის დაკრძალვის რიტუალის გადაღება. აღსანიშნავია და პროექტის განხორციელების ერთ-ერთ უმიშვნელოვანეს შედეგად უნდა ჩაითვალოს მაღალი ხარისხის ვიდეო და აუდიო აპარატურის საშუალებით ზემო სვანეთის შვიდი სახის ზარის ჩაწერა (უშგულურის თემის, ეცერის თემის, წვირმის, იფარისა და იელის თემის, მულახის თემის, მესტიის თემის, ლატალის თემისა და ლენჯერის თემის ზარი).
აღნიშნული მასალა ინახება საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივში; მასალა გამოყენებულია დოკუმენტურ ფილმში და ასევე, თანდართული ექნება ელემენტის სააღრიცხვო ბარათს.
კომპექსური ექსპედიცია შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში (2016)
პროექტი "ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ნიმუშების დაფიქსირება - საარქივო მასალების შექმნა" (კომპლექსური ექსპედიცია შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში) განხორციელდება სამ ეტაპად. საექსპედიო ჯგუფი დაკომპლექტებულია დარგობრივი სპეციალისტებითა და ტექნიკური პერსონალით.
2016 წლის 19 აპრილიდან იწყება პროექტის პირველი ეტაპი; 29 აპრილის ჩათვლით, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში იმუშავებს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და შუახევის კულტურის ცენტრის ერთობლივი ფოლკლორისტული ექსპედიცია. ექსპედიცია კომპლექსურია. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მხრიდან მასში მონაწილეობენ: ეთნომუსიკოლოგები - ნატალია ზუმბაძე (ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი) და თეონა რუხაძე (ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი); ქორეოლოგი უჩა დვალიშვილი (ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი), ხმის რეჟისორი არჩილ ბურჭულაძე, ვიდეოოპერატორი ნიკოლოზ გოგაშვილი და მძღოლი ნიკოლოზ ირემაშვილი. აჭარის მხრიდან ექსპედიციაში ჩართულები არიან შუახევის კულტურის ცენტრის ფოლკლორის მიმართულების ხელმძღვანელი, ეთნომუსიკოლოგი ლოლიტა სურმანიძე და დოკუმენტალისტი გივი ნახუცრიშვილი.
კომპლექსური ექსპედიცია ეთნომუსიკოლოგებით და ქორეოლოგით შემთხვევით არ დაკომპლექტებულა: საცეკვაო და საფერხულო ჟანრის ნიმუშების ხვედრითი წილი აჭარულ ხალხურ მუსიკაში, საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით, განუზომლად დიდია. მათი ჩაწერა და შემდგომი სამეცნიერო კვლევა კი ამ დარგების სპეციალისტთა ერთობლივი მუშაობით გაცილებით ნაყოფიერი იქნება.
ექსპედიცია განსაკუთრებულია იმითაც, რომ მთელ მუსიკალურ მასალას ადგილზე მოძრავი ხმის ჩამწერი სტუდიით დააფიქსირებს.
მიმდინარეობს წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოები. უკვე შედგენილია მიახლოებითი მარშრუტი, რომელიც 20-მდე სოფელს მოიცავს. ესენია: ბრილი, დარჩიძეები, დღვანი, ზემოხევი, ინწკირვეთი, კვიახიძეები, ლომანაური, ნაღვარევი, ოლადაური, ტაკიძეები, ფურტიო, შუბანი, ცხემლისი, წაბლანა, წყაროთა, ჭალა, ხაბელაშვილები, ჯაბნიძეები.
პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და შუახევის მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით.
"სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა ნამუშევრების მოძიება-დაფიქსირება" (I ეტაპი)
2015 წლის 13 მაისიდან 10 ივლისის ჩათვლით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა განახორციელა მასშტაბური პროექტი "სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა ნამუშევრების მოძიება-დაფიქსირება".
პროექტის მიზანი იყო სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა მოძიება, მათი ნამუშევრების აღწერა-ფიქსაცია და შემდომი კვლევა. განხორციელდა ექსპედიციები კახეთის (საგარეჯო, თელავი, ახმეტა, გურჯაანი, ყვარელი, სიღნაღი), რაჭის (ამბროლაური, ონი), ქვემოსვანეთის (ლენტეხი), აჭარის (ქედა, ხელვაჩაური, ბათუმი, ქობულეთი), სამეგრელოს (ზუგდიდი), სამცხე-ჯავახეთის (ბორჯომი, ახალციხე) რეგიონებში და ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.
ექსპედიციის მიმდინარეობის პერიოდში მოხდა სახვითი და გამოყენებითი ოსტატების, მათი ნამუშევრების ფოტოფიქსაცია, საოჯახო და საგვარეულო ტრადიციების შესახებ ინფორმაციის აუდიო ჩაწერა. მომავალში, განხორციელდება ჩაწერილი მასალის მეცნიერული შესწავლა, სისტემატიზაცია და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მონაცემთა ბაზის შევსება.
მოძიებული მასალის მონაცემები შემდეგია: 387 საველე ბარათი (თითოეულ ბარათში დაფიქსირებულია ავტორისა და მისი ნამუშევრების შესახებ ინფორმაცია), 15.2 GB აუდიომასალა, 49.7 GB ფოტომასალა.
"ხალხური სიმღერების, საკრავიერი და ქორეოგრაფიული ნიმუშების დაფიქსირება - საარქივო მასალების შექმნა" (კომპლექსური ექსპედიცია თურქეთის ტერიტორიაზე – ბურსას ვილაიეთი, ქალაქი ინეგოლი და მიმდებარე სოფლები)
2015 წლის 16-22 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა განახორციელა მასშტაბური პროექტი - "ხალხური სიმღერების, საკრავიერი და ქორეოგრაფიული ნიმუშების დაფიქსირება - საარქივო მასალების შექმნა” (კომპლექსური ექსპედიცია თურქეთის ტერიტორიაზე – ბურსას ვილაიეთი, ქალაქი ინეგოლი და მიმდებარე სოფლები).
პროექტის მიზანი იყო ქართული ფოლკლორული ტრადიციების - მუსიკალური და ქორეოგრაფიული მასალის აღწერა-ფიქსაცია და შემდომი კვლევა. პროექტი მოიცავს კომპლექსურ ექსპედიციას ბურასას ვილაიეთის ქალაქ ინეგოლის მიმდებარე სოფლებში მუსიკალურ-ფოლკლორული და ქორეოგრაფიული მასალის შეგროვებას, ჩაწერილი მასალის დახარისხებასა და შემდგომ კვლევას.
საექსპედიციო ჯგუფი იმყოფებოდა როგორც ბურსას ვილაიეთის, ასევე იზმითის ვილაიეთის სოფლებსა და ქალაქებში: ქალაქ გოლჯუკის მხარის რამდენიმე სოფელში (მუზჰეთიე, ჰამიდიე, ბეილული, თუფექჩიქონაკ, ელმალე) დაიზნიქისა და ჰენდეკის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველებისაგან – ჩვენებურებისაგან ჩაიწერა და დააფიქსირა მრავალი უნიკალური ფოლკლორული და ეთნოგრაფიული ნიმუში – სიმღერები, ცეკვები, ზეპირსიტყვიერების ნიმუშები.
ექსპედიციის მიმდინარეობის პერიოდში განხორციელდა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნიმუშების ვიდეო და ფოტოფიქსაცია, საოჯახო და საგვარეულო ტრადიციების შესახებ ინფორმაციის აუდიო ჩაწერა. მომავალში, მოხდება ჩაწერი მასალის მეცნიერული შესწავლა, სისტემატიზაცია და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მონაცემთა ბაზის შევსება.
მოძიებული მასალის მონაცემები შემდეგია: 12.64 GB აუდიომასალა, 47.72 GB ფოტომასალა, 138.90 GB ვიდეომასალა.
"ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ნიმუშების დაფიქსირება – საარქივო მასალების შექმნა (კომპლექსური ექსპედიცია ქვემო რაჭასა და ლეჩხუმში)"
2015 წლის 1-12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა განახორციელა პროექტი "ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ნიმუშების დაფიქსირება – საარქივო მასალების შექმბა (კომპლექსური ექსპედიცია ქვემო რაჭასა და ლეჩხუმში)".
პროექტის მიზანი იყო ამ რეგიონის დღევანდელ ცოცხალ ყოფაში შემორჩენილი ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ტრადიციების დაფიქსირება; ხალხური სიმღერის, ზეპირსტიყვიერების, ქორეოგრაფიული ნიმუშებისა და ეთნოგრაფიული მასალების მოძიება, მომღერლების, ლოტბარების, ხალხურმელექსეთა და ავტორ-მთქმელთა შემოქმედების აღწერა-ფიქსაცია და შემდომი კვლევა.
საექსპედიციო ჯგუფი იმყოფებოდა 24 სოფელში (ღვირიში, ნასპერი, ლაჯანა, ორბელი, ლაცორია, ლასურიაში, ლესინდი, წილამიერი, ჩხუტელი, ზუბი, მახურა, წიფერჩი, ბარდნალა, ოყურეში, სპათაგორი, საირმე, ქვედაცაგერი, ცაგერი, ნიკორწმინდა, კრიხი, სევა, აბარი, ლიხეთი, ცახი).
ექსპედიციის მიმდინარეობის პერიოდში მოხდა ზეპირსიტყვიერი და ეთნოგრაფიული მასალის შეგროვება რელიგიურ რწმენა-წარმოდგენებსა და გადმოცემებზე, ხალხურ დღესასწაულებზე, სოფლის სალოცავებზე, სოფლების უბნებზე, მიცვალებულთან დაკავშირებულ წეს-ჩვეულებებზე, სააკვნო და ბატონების სიმღერა-რიტუალებზე, სუფრის წესებზე, კულინარიაზე; ფოლკლორული ჯგუფებისა და ინდივიდუალურ შემსრულებელთაგან ექსპედიციის ჯგუფის წევრებმა ჩაიწერეს ხალხური მუსიკის (ვოკალური და საკრავიერი) ნიმუშები. უახლოეს პერიოდში განხორციელდება ჩაწერი მასალის მეცნიერული შესწავლა, სისტემატიზაცია და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მონაცემთა ბაზის შევსება.
"ქართული ხალხური ქორეოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებლის ალექსანდრე გიორგის ძე ალექსიძის ბიოგრაფიული დეტალების, შემოქმედებითი ღვაწლის ამსახველი გამოფენის მოწყობა"
2015 წლის 15 ივლისს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა აიპ "სოციალური დაცვის ლიგასთან" ერთად განახორციელა პროექტი "ქართული ხალხური ქორეოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებლის ალექსანდრე გიორგის ძე ალექსიძის ბიოგრაფიული დეტალების, შემოქმედებითი ღვაწლის ამსახველი გამოფენის მოწყობა".
პროექტის ფარგლებში ჩატარდა შემდეგი სამუშაოები: დოკუმენტების, მასალების და სურათების ამოღება არქივებიდან, რესტავრაცია, ციფრულზე დატანა; ქორეოგრაფებთან, ისტორიულ პიროვნებებთან, შეხვედრები და ინფორმაციის შეგროვება; ისტორიული ადგილების მონახულება-დადგენა; მასალების ფართო ფორმატზე ბეჭდვა და საგამოფენოდ მომზადება; გამოფენა-პრეზენტაციის დაგეგმვა, ექსპოზიციის მომზადება, ჩატარება.
ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საღამო "ლექსო არ დაიკარგები"
2015 წლის 10 დეკემბერს, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დიდ დარბაზში, გაიმართა ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საღამო "ლექსო არ დაიკარგები"
საღამოში მონაწილეობდნენ: საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენლები, ინდივიდუალური და ჯგუფური შემსრულებლები: მთქმელები - ამირან გოგიჩაიშვილი (ამბროლაური); ლორენცო ცხადაია (ჩხოროწყუ); ნოდარ ოდიშელიძე, რეზო მარცვალაშვილი, პეტრე გოგოჭური (დუშეთი); ზაურ წოწკოლაური (თიანეთი); მაგო სიმსივე (წყალტუბო); რევაზ ფევაძე (აჭარა-შუახევი); ეთერ აფაქიძე (ბოლნისი); ნანა შაინიძე, სოსო კვაჭაძე, აკაკი გოგუა (ლანჩხუთი); ვიტალი ფცქიალაძე (ხარაგაული) ამირან ღოღაძე, რეზო ტატალაშვილი (თბილისი); მართა ტარტარაშვილი (საინგილო); მართა ჭინჭარაული (საგარეჯო); ცისანა გარაშვილი (ახმეტა); ნაზი ქოპილაშვილი (გარდაბანი). ფოლკლორული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები: კვარტეტი „კოლხა" (აჭარა-სარფი); „დიდგორი" (თეთრიწყარო); „მთიები", „ძირიანი", (თბილისი); „ქისტები" (ახმეტა); ჩოჩორაძეებისა და ლაცაბიძეების საოჯახო ანსამბლი (საჩხერე); ავთენტიკური ჯგუფები ბარდნალადან და პატარა ცაგერიდან (ლეჩხუმი); ჯაბა მალაყმაძე (აჭარა-ხელვაჩაური).
საღამო მიეძღვნა ხალხური სიტყვიერების სფეროში განსაკუთრებული დამსახურების მქონე პიროვნებების (ალექსი ჭინჭარაული - 90; ვახუშტი კოტეტიშვილი - 80; იურა (გიორგი) ჯაფარიძე -75) ხსოვნას.
საღამოს უძღვებოდნენ: ფოლკლორისტები ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული.
ფესტივალი "ნიქოზი 2015"
1 ივნისს ნიქოზში პირველად ჩატარდა ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ქართული ხალხური სიმღერის ფესტივალი "ნიქოზი 2015".
"ნიქოზი 2015"-ში მონაწილეობდა 500-მდე ბავშვი და მოზარდი. ადგილობრივი მოსახლეობის გარდა ფესტივალს დაესწრნენ ფოლკლორისტები, ეთნომუსიკოლოგები, მომღერლები, ლოტბარები, მგალობელ-რეგენტები, ხალხური რეწვის ოსტატები და სტუმრები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.
ფესტივალის პარალელურად გაიმართა გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშთა გამოფენა.
"ნიქოზი 2015"-ის მიზანია ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედების წარმოჩენა, ხელშეწყობა; ფოლკლორულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა; ახალგაზრდა ფოლკლორული ანსამბლების, საეკლესიო გუნდების ხელშეწყობა; გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა წახალისება და პოპულარიზაცია; მომავალი თაობის კეთილგანწყობის, ერთიანობის, თანადგომისა და სოლიდარობის წარმოჩენა.
ფესტივალის ორგანიზატორები: საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო,
გორის მუნიციპალიტეტი, ფონდი "ქართული გალობა", კოპანია "კასტელ-ჯორჯია", კომპანია "ბორჯომი" და "დუგლაძეების ღვინის კომპანია".
"ქართული ხალხური ქორეოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებლის ალექსანდრე გიორგის ძე ალექსიძის ბიოგრაფიული დეტალების, შემოქმედებითი ღვაწლის ამსახველი გამოფენის მოწყობა" (2015)
2015 წლის 15 ივლისს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა, აიპ "სოციალური დაცვის ლიგასთან" ერთად, განახორციელა პროექტი "ქართული ხალხური ქორეოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებლის ალექსანდრე გიორგის ძე ალექსიძის ბიოგრაფიული დეტალების, შემოქმედებითი ღვაწლის ამსახველი გამოფენის მოწყობა".
პროექტის ფარგლებში ჩატარდა შემდეგი სამუშაოები: დოკუმენტების, მასალების და სურათების ამოღება არქივებიდან, რესტავრაცია, ციფრულზე დატანა; ქორეოგრაფებთან, ისტორიულ პიროვნებებთან შეხვედრები და ინფორმაციის შეგროვება; ისტორიული ადგილების მონახულება-დადგენა; ნეგატივიდან ანაბეჭდის დამზადება; მასალების ფართო ფორმატზე ბეჭდვა და საგამოფენოდ მომზადება; გამოფენა-პრეზენტაციის დაგეგმვა, ექსპოზიციის მომზადება, ჩატარება.
"ქართული ხალხური ცეკვის ნიმუშების დაფიქსირება – საარქივო მასალების შექმნა (ექსპედიცია ქვემო სვანეთში)" (2014)
12-20 ივლისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ქორეოგრაფიული მიმართულების ექსპედიცია იმყოფებოდა ქვემო სვანეთში.
ექსპედიციის მიზანი იყო ქვემო სვანეთში მივიწყებული სვანური ფერხულებისა და ცეკვების მოძიება-შესწავლა, ვიდეო და ფოტო დაფიქსირება.
ექსპედიცია იმყოფებოდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში: ლაშხეთისთემი – ჟახუნდერი, ჩოლურისთემი – თეკალი, ბაბილისთემი – ასარი, ხელედისთემი – წანაში.
ლენტეხის რაიონის ცენტრში ექსპედიციამ ჩაიწერა ლენტეხის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი "ლაგუშედა" და ანსამბლი "ლილე". ასევე გაეცნო და დააფიქსირა ლენტეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული ხელნაწერი მასალები, ფოტოები და სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია.
ექსპედიციის ხელმძღვანელმა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივს ჩააბარა: ექსპედიციის დღიური, 4.03 GB ფოტომასალა, 6.39 GB აუდიომასალა, 13 საათიანი DVD და 8.27 GB ვიდეოფირი.