მხარდაჭერილი პროექტები
კინოს მიმართულებით მხარდაჭერილი პროექტები
პროექტი "კინო სკოლაში"
კულტურის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრთან ერთად, მესამე წელია ახორციელებს პროექტს „კინო სკოლაში“, რომლის მიზანიც თბილისის და საქართველოს რეგიონების ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მსოფლიო კინოს ისტორიის საუკეთესო ნიმუშებისა და თანამედროვე მსოფლიო კინოში მიმდინარე პროცესების გაცნობის გზით, მოზარდებში ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების, ესთეტიკური აღქმის უნარების განვითარება, კინოგანათლების პოპულარიზაცია და ახალ თაობაში კინოს სფეროში ცნობიერების ამაღლებაა.
2014 წელს პირველად განხორციელდა აღნიშნული პროექტი საქართველოს 5 რეგიონის 40 სკოლაში. 2015 წელს პროექტის მასშტაბი 5-ჯერ გაიზარდა და 207 სკოლაში გაიმართა 4518 ჩვენება, რომელსაც 46130 მოსწავლე დაესწრო. 2016 წელს პროექტში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა 350-მა სკოლამ, საიდანაც განათლების სამინისტროს დახმარებით 186 სკოლა იქნა შერჩეული. სპეციალური პროგრამა მუშავდება რთული ადგილმდებარეობის მქონე სკოლებისათვის (შუაფხო, ღები, გორელოვკა, ორლოვკა და სხვანი). პროექტის ფარგლებში, კონკურსის გზით შერჩეული 60 კინოსპეციალისტი - კინომისიონერი, რომლებიც სხვადასხვა რეგიონის საკოლებში გამართავენ მოზარდებთან შეხვედრებს. პროექტი დახურვის მასშტაბური საზეიმო ღონისძიებით დასრულდება, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ბავშვები მიიღებენ მონაწილეობას.
კანის ფესტივალის ფარგლებში Cash Rebate პროგრამის პრეზენტაცია
პროგრამას "გადაიღე საქართველოში" კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მეწარმეობის განვითარების სააგენტოსთან და ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს. ახალ სისტემაზე გადასვლა არა მხოლოდ მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებლის მომტანია ქვეყნისთვის, არამედ - ქართული კინოინდუსტრიის განვითარების ხელშემწყობიც. პროგრამის მიზანია, საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში მიმზიდველ გადასაღებ ცენტრად იქცეს, რისთვისაც აუცილებელია, საერთაშორისო მასშტაბის კინომწარმოებლები უშუალოდ გაეცნონ Cash Rebate პროგრამის ფარგლებში შემუშავებულ სტრატეგიას. მსოფლიო კინოინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრა 2016 წლის 15 მაისს კანის 69-ე კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართა.
საბავშვო კინოფესტივალი „ჯიფონი - 2016“
ჯიფონის საერთაშორისო საბავშვო კინოფესტივალი 40 წელიწადზე მეტია არსებობს. ფესტივალი იტალიის პატარა ქალაქ ჯიფონი ვალე პიანაში ტარდება და მსოფლიოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საბავშვო ფესტივალია, რომლის ჟიურის წევრები და მონაწილეებიც ბავშვები არიან. ყოველწლიურად 50 ქვეყნიდან 3000-მდე ბავშვი თავს იყრის ფესტივალზე და ერთვება საფესტივალო პროგრამაში. მასპინძლობას კი ადგილობრივი თანატოლების ოჯახები უწევენ. ჟიურის წევრთა ასაკი კი 13-15 წლამდე მერყებს და მათთვის ფილმების შერჩევის პროცესში ფსიქოლოგები, ფსიქიატრები და კინომცოდნეები არიან ჩართულნი. 2015 წელს საქართველოში პირველად გაიმართა ჯიფონის ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 500 ბავშვმა, ხოლო წელს საფესტივალო ღონისძიებების განხორციელება 2016 წლის 24-26 ივნისს იგეგმება, საფესტივალო ჟიური 350 მოზარდს გააერთიანებს. ფესტივალში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის მაკედონიიდან, იტალიიდან, ხოტვატიიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩამოსული ბავშვებიც მიიღებენ.
თბილისის X საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი "ამირანი"
მსოფლიო კინოსკოლათა საერთაშორისო გაერთიანება CILECT-ისა და ევროპის კინოსკოლათა საერთაშორისო გაერთიანება CEECT-ის გადაწყვეტილებით, 2016 წლის შემოდგომაზე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტის დაარსების 40 წლის, საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის 10 წლის და ევროპის კინოსკოლათა საერთაშორისო გაერთიანება CEECT-ის ჩამოყალიბების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სამმაგი იუბილე კინო-ტელე ფაკულტეტის ბაზაზე გაიმართება.
სტუდენტური კინოფესტივალის ფარგლებში, მსოფლიო კინოსკოლების წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ ევროპის კინოსკოლათა CEECT-ის საერთაშორისო კონფერენციაში და საფესტივალო ღონისძიებებში. ფესტივალს ტრადიციულად საერთაშორისო ჟიური ეყოლება, რომლის წევრებიც ფესტივალის ფარგლებში ჩაატარებენ მასტერ-კლასებს და ვორქშოფებს. ფესტივალის მიზანია სტუდენტური ფილმების და მათი ავტორების პოპულარიზაცია, საერთაშორისო კავშირების დამყარება და, შედეგად, ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივის შექმნა. ფესტივალის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს კინოგანათლების კუთხით არსებული საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, რაშიც აქტიურად არიან ჩართული ევროპული და რეგიონული კინოსკოლები.
2015 წელს, ამერიკული კინოაკადემიის ჯილდოზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში წარდგენილი ქართველი კინორეჟისორების ზაზა ურუშაძისა და გიორგი ოვაშვილის მიერ ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისა და მიღწეული წარმატების აღსანიშნავად, სამინისტროს მიერ დაფინანსდა შემდეგი პროექტები:
ზაზა ურუშაძის ფილმის "პარაბელუმი" გადაღების ხელშეწყობა - ფილმზე მუშაობა დაიწყო 2015 წელს - დასრულდება 2016 წლის დეკემბერში;
გიორგი ოვაშვილის ფილმის "ხიბულა" გადაღების ხელშეწყობა - ფილმზე მუშაობა დაიწყო 2015 წელს - დასრულდება 2016 წლის დეკემბერში;
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
წლის უმნიშვნელოვანესი კინომოვლენა. ფესტივალი 2000 წელს დაარსდა და მისი მიზანია გააცნოს მაყურებელს მსოფლიო და ქართულ კინემატოგრაფში შექმნილი ახალი, მაღალმხატვრული ღირებულების მქონე ნამუშევრები, მსოფლიო კინოში მიმდინარე უახლესი ტენდენციები, ხელი შეუწყოს ქართული კინოინდუსტრიის განვითარებას.
ფესტივალის ფარგლებში, ყოველწლიურად იმართება პროფესიული შეხვედრები, ვორქშოპები, მასტერკლასები, რეტროსპექტივები და სხვა ინდუსტრიული ღონისძიებები, რომლებიც სტიმულს აძლევს ახალგაზრდა კინემატოგრაფისტების ნიჭისა და შემოქმედებითი ხედვის განვითარებას.
კინოფესტივალი სამხრეთ კავკასიაში რეჟისორების, პროდიუსერების, გაყიდვების აგენტებისა და დისტრიბუტორების თავშეყრის ადგილია. წლიდან წლამდე მატულობს ფესტივალზე ფილმის წარდგენისა და მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა.
ფესტივალის ძირითადი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ახალი თაობის ევროპელი რეჟისორების სადებიუტო და მეორე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსი. საერთაშორისო კონკურსის მონაწილეთათვის დაწესებულია ორი ოფიციალური პრიზი: ოქროს პრომეთე საუკეთესო ფილმისთვის და ვერცხლის პრომეთე საუკეთესო რეჟისურისთვის.
გარდა ამისა, კინოფესტივალზე ყოველ წელს გაიცემა არაოფიციალური პრიზები, მათ შორის: სერგო ფარაჯანოვის სახელობის პრიზი განსაკუთრებული კინოესთეტიკისთვის.
საკონკურსო პროგრამის გარდა, ფესტივალის ძირითადი სექციებია:
-
ევროპული კინოს ფორუმი;
-
ჰორიზონტები;
-
ქართული პანორამა;
-
დამზადებულია გერმანიაში;
-
რეჟისორი ფოკუსში;
-
სპეციალური ჩვენება.
ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი - BIAFF
მნიშვნელოვანი საერთაშორისო კინოფესტივალი შავი ზღვის რეგიონში, რომლის ინტერესის ძირითადი სფერო საავტორო და დამოუკიდებელი კინოა. BIAFF-ს მისიაა იყოს საერთაშორისო კულტურული ღონისძიება, რომელიც მიმართულია კულტურული ინტეგრაციის და თანამშრომლობისაკენ ქართული და უცხოური საავტორო და არაკომერციული ფილმების კინოჩვენების ორგანიზების მეშვეობით. ფესტივალი საშუალებას აძლევს ცნობილ კინორეჟისორებს, პროდიუსერებსა და კინოკრიტიკოსებს შეხვდნენ და გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება და ნამუშევრები კინოს სფეროში მოღვაწე კოლეგებს. ფესტივალი არის ასევე კარგი შესაძლებლობა ადგილობრივი კინომოყვარულებისთვის გაეცნონ კინოინდუსტრიაში მიმდინარე პროცესებს და ნახონ ახალი ფილმები.
ფესტივალის პროგრამა შედგება:
-
მხატვრული ფილმების საკონკურსო სექცია
-
დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექცია
-
მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექცია
-
რეტროსპექტიული ჩვენება
-
ჟიურის წევრი კინორეჟისორების ფილმები
-
აბრეშუმის გზის ქვეყნების ფილმები
-
დიდოსტატთა კოლექცია
-
არასაკონკურსო ჩვენება
დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი CinéDOC–Tbilisi
კავკასიაში პირველი ფართომასშტაბიანი დოკუმენტური ფილმების ფესტივალი, რომლის მიზანია შემოქმედებითი დოკუმენტური ფილმის პოპულარიზაცია საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში. პროექტების ორიგინალური და შედეგზე ორიენტირებული კონცეფციიდან გამომდინარე, ორგანიზაციამ NOOSFERA FOUNDATION შეძლო მრავალ საერთაშორისო პარტნიორთან და ქვეყანასთან თანამშრომლობა. კინოსეანსების პარალელურად, ფესტივალის პროგრამა მოიცავს მასტერკლასებს, უორქშოფის სესიებს (Docstories Georgia), კონფერენციებსა და საბავშვო სექციას - CinéDOC Young.
CinéDOC Tbilisi შედგება 5 სექციისგან:
-
International Competition - საერთაშორისო კონკურსი.
-
Focus-Caucasus - წარმოდგენილია კავკასიური შემოქმედებითი დოკუმენტური ფილმები.
-
CinéDOC Young
-
ქართული პანორამა
-
Docstories Georgia
ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი "ნიქოზი"
ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი "თოფუზი"
ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი "თოფუზი", რომელიც 2009 წლიდან ყოველწლიურად ტარდება ქ. ბათუმში ოქტომბრის პირველ კვირაში, არის ანიმაციის განვითარების ფონდის მიერ ორგანიზებული ანიმაციური ფილმების საერთშორისო ფესტივალი, სადაც ნებისმიერ ანიმატორს, რეჟისორსა და პროდიუსერს შეუძლია წარმოადგინოს საკუთარი ნაშრომი.
ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს შემოქმედებითი გამოცდილების გაცვლას, ახალი იდეების ძებნასა და ქართული ანიმაციის ინტეგრაციას მსოფლიოს კინოს სამყაროში. თავისი ფორმატიდან გამომდინარე, ფესტივალი გულისხმობს ფილმების ჩვენებებს და მათ შემდგომ განხილვას. ანიმაციის განვითარების ფონდის მიერ ორგანიზებული დაუვიწყარი და სასიამოვნო საღამოები ხელს შეუწყობს ახალი მეგობრობისა და კონტაქტების ჩამოყალიბებას.
საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი "ოქროს პეპელა"
საერთაშორისო კინოფესტივალი "წმინდა ანდრიას ჯვარი"
კინოტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალი "ოქროს თვალი"
ინოვაციური ტექნოლოგიების საერთაშორისო ფონდის პროექტი, რომლის მიზანია მოტივაცია მისცეს ოპერატორებს, ტელე-კინო ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებს და ხელი შეუწყოს მათ პროფესიულ ზრდას. ფესტივალის ფარგლებში ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, მათ შორის კინო-ტელე ტექნიკის მწარმოებელი წამყვანი კომპანიების პრეზენტაციები, რომლებიც აწყობენ თანამედროვე ტექნიკის გამოფენას, ტარდება მასტერკლასები და ვორქშოფები, რომელსაც კინო და ტელესფეროში მომუშავე საერთაშორისო დონის სპეციალისტები უძღვებიან. იმართება სელექციის შედეგად გადარჩეული საკონკურსო ნამუშევრების ღია ჩვენება.
ფესტივალზე წარდგენილ საკონკურსო ნამუშევრებს „ოქროს თვალი“-ს საერთაშორისო ჟიური აფასებს. გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება ფესტივალის დახურვის საზეიმო ცერემონიალზე ხდება.
ფესტივალის საკონკურსო ნომინაციებია:
-
საუკეთესო კინოოპერატორული ნამუშევარი
-
საუკეთესო ტელეოპერატორული ნამუშევარი
-
სარისკო კადრი
-
საუკეთესო სტუდენტური ნამუშევარი
ჟიურის გადაწყვეტილებით შესაძლოა გაიცეს ფესტივალის უმაღლესი ჯილდო: გრან-პრი - "ოქროს თვალი".