კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტი შეიმუშავებს სამინისტროს პოლიტიკას, რომელიც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ არსებული კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობისა და მართვის პოლიტიკის განსაზღვრა;
ბ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, მართვისა და პოპულარიზაციისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების სტრატეგიული დაგეგმვა და მათი მონიტორინგი;
გ) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საერთაშორისო კონვენციებისა და ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებების ეფექტური განხორციელების ხელშეწყობა;
დ) კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობისა და მართვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიზნით, სახელმწიფო, საერთაშორისო, საზოგადოებრივ და კერძო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა;
ე) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, საგანმანათლებლო და ახალგაზრდული (არაფორმალური განათლება) პროგრამების შემუშავება და ინიცირება;
ვ) იუნესკოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში მყოფ ძეგლთა დაცვისა და ეფექტური მართვის მექანიზმების დანერგვა;
ზ) საქართველოში არსებული მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენისა და შენარჩუნების ღონისძიებათა განხორციელება და მათი ხელშეწყობა; ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ექსპერტიზა, აღრიცხვა, პასპორტიზაცია, კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა;
თ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა, მისი შესწავლისა და მოვლა-პატრონობის მეთოდოლოგიის შემუშავება;
ი) კულტურული მემკვიდრეობის (კულტურული ფასეულობის) საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის კონტროლი და რეგულირება, კულტურული მემკვიდრეობის სფეროს ადმინისტრაციულ წარმოებაში კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის სათათბირო ორგანოებთან თანამშრომლობა;
კ) კომპეტენციის ფარგლებში არქეოლოგიური სამუშაოების, ძეგლზე სამუშაოების და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მიწისა და სამშენებლო სამუშაოების რეგულირება და ზედამხედველობა, კულტურული მემკვიდრეობის სფეროში სამართალდარღვევათა აღკვეთისა და გამოვლენილ სამართალდარღვევებზე რეაგირების მიზნით შესაბამის ადმინისტრაციულ, სამართალდამცავ და საბაჟო ორგანოებთან თანამშრომლობა;
ლ) ერთიანი სამუზეუმო სახელმწიფო პოლიტიკის გატარება, საქართველოს მუზეუმების სახელმწიფო რეესტრის წარმოება, ქვეყნის მასშტაბით სამუზეუმო საქმიანობის რეგულირება, სამუზეუმო კოლექციების დაცვისა და პოპულარიზაციისათვის ზრუნვა;
მ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავება სამინისტროს სისტემაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების განვითარების ხელშეწყობის, ანგარიშგებისა და კოორდინაციის მიზნით.